დუშან ტადიჩი: “უაზრო გოლი გავუშვით, რამაც მეტოქეს დამატებითი ენერგია მისცა”
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა შორის გამართული მატჩი (1:3) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დუშან ტადიჩმა შეაფასა, რომელმაც “დინამო არენაზე” გამართულ თამაშში პენალტიც გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
“ძალზედ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ, ეს უკვე მერამდენედ გვემართება?! მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე იდეალური მომენტი ვიპოვეთ. საბედნიეროდ, პირველივე ნახევარში მოვახერხეთ გოლის გატანა. ვიცოდით, რომ თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებდით, ფეხიდან ფეხში, საქმე უკეთ წარიმართებოდა, მეტი სივრცე გაჩნდებოდა. ასეც მოხდა. ზოგიერთი რამ გამოსასწორებელი გვაქვს, ამაზე უნდა ვიმუშაოთ.
უაზრო გოლი გავუშვით, რამაც მეტოქეს დამატებითი ენერგია მისცა. მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილო იყო და გვითხრა, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გინდათ თამაში, გადით მოედანზე და საქმე გამოასწორეთო. ნაკრების გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი გოლი და საგოლე პასები”, – აღნიშნა ტადიჩმა.