დუშან ტადიჩი მსაჯზე: “ერთი ადამიანი მოვიდა და ყველაფერი მოიპარა”
ამსტერდამის “აიაქსის” კაპიტანმა, დუშან ტადიჩმა “ჩელსისთან” გამართული მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.
როგორც იცით, 5 ნოემბერს “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “აიაქსი” მიიღო და ფრედ 4:4 ითამაშა. ამსტერდამელები 63-ე წუთამდე ანგარიშით 1:4 იმარჯვებდნენ. მთავარმა არბიტრმა 68-ე წუთზე ჰოლანდიელებს ორი ფეხბურთელი (ბლინდი და ველტმანი) გაუძევა. “აიაქსმა” მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა, დარჩენილ წუთებში კი ორი გოლი გაუშვა.
“ჩვენ გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ. 3-ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით და ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ ერთმა კაცმა კი ყველაფერი მოგვპარა. დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ახლა მხოლოდ იმაზე უნდა გვესაუბრა, თუ როგორ ლამაზად ითამაშა “აიაქსმა”, თუმცა ერთი ადამიანი მოვიდა და ყველაფერი მოიპარა.
ვნახეთ სიტუაცია, როცა დალეი ბლინდი დაჯარიმდა, ის მეორე ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, მეორე გაფრთხილებას არც ველტმანი იმსახურებდა და არც პენალტი უნდა დანიშნულიყო. ჩემ ცხოვრებაში, თამაშის დროს სამმაგი სასჯელი არასოდეს მინახავს”, – ციტირებს ტადიჩის სიტყვებს “მეტრო”.