დვალიშვილი: “ახლა მშენებლობაზე მუშაობა საჭირო აღარ არის”
მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-7 ორთაბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი გამოცდილ ამერიკელს, ჯონ დოდსონს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
დვალიშვილი სამივე რაუნდში დომინირებდა და მსაჯებმა გამარჯვება სწორედ მას არგუნეს. ეს მერაბისათვის UFC-ში მოპოვებული ზედიზედ მე-5 გამარჯვებაა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა მთავარ ღონისძიებაზე პირველად იჩხუბა და ამ დონის მეტოქესაც პირველად დაუპირისპირდა. დვალიშვილის თქმით, ახლა მას მშენებლობაზე მუშაობა აღარ ესაჭიროება.
“ეს ურთულესი ტესტი იყო ჩემ კარიერაში. დაღლილიც კი არ ვარ, რადგან მე საუკეთესო ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობ. ჩემი მთავარი სპარინგ-პარტნიორი ალჯამაინ სტერლინგია და თქვენ ხედავთ, რომ ის ცხოველია. მე ბევრს ვვარჯიშობ. მადლობა ჩემ მწვრთნელებს – მეტ სერასა და რეი ლონგოს. მადლობა მთელ ჩემ გუნდს. ეს მხოლოდ ჩემი კარიერის სასაწყისია.
მე მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა მშენებლობაზე მუშაობა აღარაა საჭირო, რადგან UFC-ის სრულყოფილი მებრძოლი გახლავართ და დაკავებული ვარ. მე ბრძოლა მინდა. მადლობა ღმერთს და მადლობა UFC-ის, ისინი ახლა კარგ თანხას მიხდიან და ძველ სამსახურს ვტოვებ. ამ გამარჯვებამ მომცა შანსი, რომ ნიუ იორკში სახლი ვიყიდო, ეს ოცნების ასრულებაა”, – განაცხადა დვალიშვილმა.