“ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა ტრავმებმა, უკვე დროა” – ჯანო ანანიძე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე კარიერის დასრულების შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს.
“მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე ქართველი ვარ და ვითამაშებ, ჩემი ქვეყნის ნაკრებში”. ეს სიტყვები მაშინ ვთქვი, როცა 16 წლის ვიყავი და სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არ განიხილებოდა.
მაშინ დიდ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ვიწყებდი და სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა იმ პატარა ასაკში, ჩემთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, რომლის რიგებშიც გატარებული თითოეული წუთი, ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ნაკრები სხვა ფენომენია და ნაკრებში თამაში სხვა ბედნიერებაა.
დღეს არჩევანის წინაშე ვარ, თუმცა ამჯერად სასწორზე, კარიერასთან ერთად უკვე ჩემი ჯანმრთელობა დევს და ამ არჩევანსაც ჩემ ოჯახთან ერთად მივიღებ. ვიდრე მთავარ მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა ბევრი რამ აღვნიშნო, ბევრი გავიხსენო და ბევრი მადლობა გითხრათ ყველას ერთად, ვინც ჩემი კარიერის მანძილზე, წარმატებისა და წარუმატებლობის დროსაც კი ჩემ გვერდით იდექით. აღარც ასაკით ვარ პატარა და სიმართლე გითხრა ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა და მოუშეშებელმა ტრავმებმა. კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკვილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი და არასოდეს დამიშურია ძალა და ენერგია იმისთვის, რომ წაქცეული, ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და ისევ მეთამაშა ჩემი და გულშემატკივრების სიამოვნებისათვის და ეს თქვენი გვერდში დგომის გამო ხდებოდა, რისთვისაც ყოველთვის თქვენი მოვალე ვიქნები. ამ ყველაფრის ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულიც მოვიპოვე, მაყურებლის ტაში და სიყვარულიც დავიმსახურე და საკუთარ თავზე ბევრჯერ შევიგრძენი ის გრძნობა, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეედრება. ეს ყველაფერი მართლა ძალიან დამაკლდება, თუმცა ვთვლი, რომ უკვე დროა” – წერს ჯანო სოციალურ ქსელში.