“ძალიან ვთხოვთ, ეს კადრები გამოაქვეყნონ” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის განცხადება
ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა ყოფილი რძლის დაცვის მხარეს მიმართავს და მოუწოდებს, რომ გამოაქვეყნონ კადრები, რაზეც ისინი საუბრობენ.
“თუ აქვთ მათ ასეთი კადრები, სადაც ნიკას ძალადობის ფაქტები იკვეთება, ძალიან ვთხოვთ, რომ ეს კადრები თავად გამოაქვეყნონ. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში და აპელირებენ იმით, რომ მათ ეს კადრები აქვთ და მათ გამოიყენებენ.
ქალბატონი ნელი მოვიდა ჩვენთან სახლში. აქამდე, ის ასე დაუკითხავად არასოდეს არ მოსულა. მოვიდა სახლში, გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები. უხეში და უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა დედაჩემის მიმართ და სახლში როცა ავიდა, მამაჩემის მიმართაც. წავიდა ძალიან მშვიდად, სათვალთვალო კამერებში ჩანს, როგორ მშვიდადაც მიდის. შემდეგ, წავიდა პოლიციაში და დაწერა განცხადება, თითქოს, ნიკამ სცემა. ნიკა პოლიციაში თავისი ფეხით ჩავიდა, რადგან სურდა თავად დაეწერა განცხადება, რომ დაუკითხავად ადამიანი შემოგვეჭრა სახლში.
ნელი დოროყაშვილმა ორ გამოკითხვაზე სხვა ჩვენება მისცა, მესამე გამოკითხვაზე კიდევ რაღაც დაამატა. მას რამდენჯერმე ჰქონდა პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, რაც არ გამოსდიოდა, რადგან ნიკა ძალიან მშვიდი ადამიანია. ერთი წლის წინ, ღამის 3 საათზე მან ნიკას დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვთან ერთად შენთან სახლში უნდა მოვიდეო. ნიკამ უთხრა, ღამის 3 საათია და თვითონ მოვალო. ნიკამ პატრულს დაურეკა, რადგან ელოდა ნელის პროვოკაციულ ქმედებას და მასთან პატრულის თანხლებით მივიდა. სიტუაცია დახვდა ასეთი – ჭურჭელი და ნიკოლოზის პრიზები დამტვრეული იყო”, – ამბობს თენგო ბასილაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა. ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ასევე, იხილეთ: სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი სარჩელი არ დააკმაყოფილა