ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ცხრა ქვეყანა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მკაცრი ვერდიქტი გამოიტანა.
ჩინეთის, რუსეთის, ბელორუსის, თურქეთის, ყაზახეთის, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალოსნებს ერთი წლით აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების გუნდები გამოტოვებენ წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატს (28 ნოემბერი – 5 დეკემბერი. ანაჰაიმი, აშშ), ასევე 2018 წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებებს, მათ შორის კონტინენტურ ჩემპიონატებს, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, მსოფლიოსა და კონტინენტურ ახალგაზრდულ ჩემპიონატებს.
IWF-მა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით ის ქვეყნები დასაჯა, რომელთა 3 ან მეტი ძალოსანი ამხილეს 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ამგვარი სტანდარტი დაადგინა შარშან ივნისში თბილისში გამართულ კონგრესზე და პირველად შარშანვე აამოქმედა, როცა რუს ძალოსნებს აუკრძალა რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა (იმ დროისთვის უკვე შექმნილი იყო მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც იკვლევდა დოპინგის გამოყენების სახელმწიფო სისტემის არსებობის შესახებ რუსეთისთვის წაყენებული ბრალდებების რეალურობას).
შეგახსენებთ, რომ წლეულს ზაფხულში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა მკაცრი შეფასება მისცეს მსოფლიოს ძალოსნობაში არსებულ ვითარებას და IWF-ს მოსთხოვეს წლის ბოლომდე სოკ-ში წარადგინოს დოპინგთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიული გეგმა.
ამის საპასუხოდ, IWF-მა შექმნა საგანგებო შვიდკაციანი კომისია, რომელიც დეტალურად სწავლობს ძალოსნობაში აკრძალული პრეპარატების გამოყენების პრობლემებს და ამზადებს დოპინგთან ბრძოლის სპეციალურ პროგრამას.
საგანგებო კომისიის შექმნა და IWF-ის აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება მიმართულია იქითკენ, რომ IWF-მა მოიპოვოს სოკ-ის კეთილგანწყობა და აღიდგინოს შელახული რეპუტაცია, რათა დღის წესრიგში არ დადგეს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ძალოსნობის ამოღების საკითხი.
სეოკ-ის პრესსამსახური