ძამბოლატ თედეევი: ‘საქართველოში მეტს იხდიან. რას ვაკეთებთ ხალხო?’
რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძამბოლატ თედეევმა განაცხადა, რომ რუსეთში ოლიმპიურ ჩემპიონებსა და პრიზიორებს იმაზე ნაკლებ თანხას უხდიან, ვიდრე საქართველოში ან ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში.
“ამჟამად, რუსეთში ოლიმპიური ოქროს ფასი 56 000 დოლარია. ყოფილი სსრკ-ის ყოფილ ქვეყნებში უფრო მეტს იხდიან, ჩვენ ბოლო ადგილზე ვართ. საქართველო, უზბეკეთი, აზერბაიჯანი – ამ ქვეყნებში მეტს იხდიან! რას ვაკეთებთ, ხალხო? სადამდე დავეცით? როცა შედეგია, წაახალისე და სპორტსმენიც გახარებული იქნება. რატომ არ ვაფასებთ ჩვენს გმირებს, ოლიმპიელებს, მწვრთნელებს? ახლა ჩანს, როგორც ვაფასებთ, ეს საწყენია. გასაკვირია, ვინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს?” – ციტირებს თედეევის სიტყვებს sport-express.ru.
რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებს 1 000 000, ვერცხლის მედლების მფლობელებს – 500 000, ხოლო ბრინჯაოს მფლობელებს – 250 000 ლარი გადაეცათ.