ძანეტი, მილიტო და კამბიასო სეზონის ბოლოს „ინტერს“ დატოვებენ?
Football Italia-ის ცნობით, არ არის გამორცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანის „ინტერი“ ერთბაშად სამმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დატოვოს. საუბარია ხავიერ ძანეტიზე, ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოზე.
კლუბის ახალი მფლობელი ერკ თოჰირი გუნდის რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც შესაძლოა, აღნიშნული მოთამაშეები შეეწირნონ.
40 წლის ძანეტი, რომელიც „ინტერის“ ღირსებას 1995 წლიდან იცავს, კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას „ნერიაძურის“ კაპიტანი ზაფხულში აპირებს. 34 წლის მილიტოს „ინტერთან“ მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის თვეში ეწურება, ახალ შრომით ხელშეკრულებას კი ჯერჯერობით არ სთავაზობენ. რაც შეეხება კამბიასოს, ის შესაძლებელია, დარჩეს კლუბში, თუმც ხელფასი გაუნახევრდება. ამ დროისთვის, მას ჯამაგირის სახით წელიწადში 4,5 მილიონი ევრო აქვს.
ბექა დოგრაშვილი