ძანეტი: „სიმეონეს წარმატება არ მაკვირვებს“
მილანის „ინტერის“ კაპიტან ხავიერ ძანეტის თანამემამულე დიეგო სიმეონეს წარმატებები ახარებს.
მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. საერთოდაც, მადრიდული კლუბი ბოლო ხუთ წელიწადში ევროთასებზე ფინალში მესამედ გავიდა (წინა ორი ფინალი ევროპის ლიგაზე ითამაშა და ორივე მოიგო). შეგახსენებთ, რომ სიმეონეს „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „ჩელსი“ დაამარცხა. ხავიერ ძანეტი მოურინიოს თავკაცობით ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშის რანგში ორი წელი სიმეონეც იცავდა „ინტერის“ ღირსებას.
„ნერიაძურის“ კაპიტნის თქმით, სიმეონემ წარმატებისთვის ძალიან ბევრი იშრომა.
„სიმეონეს, როგორც ჩემი მეგობრის, წარმატებები ძალიან მახარებს. ვიცი, რამდენი იმუშავა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. გულახდილად რომ გითხრათ, არ მიკვირს, რომ დიეგომ ოცნება აისრულა.
მოურინიო დიდ მწვრთნელად დარჩება, მე მასთან ორი ფანტასტიური წელიწადი გავატარე“, – ძანეტის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.