ძმები აზარების გაბრწყინება – ბელგიამ რუსეთი გაანადგურა (ვიდეო)
16 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის I ჯგუფის ორი ლიდერი დაუპირისპირდა ერთმანეთს. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთისა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა.
მატჩის პირველ ნახევარში ბელგიელებმა მეტოქეს მასტერკლასი ჩაუტარეს, რასაც პირველ რიგში ედენ და ტორგან აზარებს უნდა ვუმადლოდეთ. მე-19 წუთზე ედენ აზარის საგოლე გადაცემით მისმა ძმამ გახსნა ანგარიში. 33-ე წუთზე ლუკაკუმ თავად ედენს გაატანინა, დე ბრუინის გადაცემით კი “რეალის” სუპერვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა (40′).
პირველ ტაიმში ნაჩვენები მაღალი დონის თამაშის შემდეგ, ბელგიელები ცოტათი მოეშვნენ, რამაც რუსეთის ნაკრებს შანსები გაუჩინა. ლუკაკუს მიერ 72-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ მარტინესის გუნდის თამაში მხოლოდ ბურთის გორებით შემოიფარგლებოდა. ეს სათავისოდ გიორგი ჯიქიამ გამოიყენა და ერთი გოლი გაქვითა.
ასე რომ, 9 თამაშის შემდეგ ბელგიის ნაკრები კვლავაც წაუგებელია – 27 ქულით პირველ პოზიციაზეა. რუსეთი კი შვიდი მოგებითა და ორი წაგებით (ორივე ბელგიასთან) მეორე ადგილს დაკმაყოფილდება.