ებრალიძე და შულაია – ვაისი ნაკრებში ახალ ფეხბურთელებს იწვევს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უახლოესი მატჩებისთვის, შესაძლოა, 2 ახალი ფეხბურთელი ვიხილოთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თბილისის “დინამოს” მარჯვენა შემტევს, აკაკი შუალაისა და პორტუგალიური “ნასიონალის” თავდამსხმელს, ავთო ებრალიძეს აკვირდება. დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში ეს ბიჭები, როგორც მინიმუმ, გაფართოებულ განაცხადში მოხვდებიან.
შულაია 22 წლის არის და გასულ სეზონში 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მას მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში და სისწრაფე მისი მთავარი უპირატესობაა.
27 წლის ებრალიძეს კარიერის უდიდესი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული და დღეს “ნასიონალის” ღირსებას იცავს. ავთოს ტრავმა ჰქონდა და გასულ კვირაში შედგა გუნდში მისი დებიუტი. საქართველოს ნაკრებში მას 3 მატჩში მიუღია მონაწილეობა.
ნაკრებში აკაკი და ავთო კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდიან…