ედგარ დავიდსი: “ბალოტელის დახმარება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია”
“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი თვლის, რომ მარიო ბალოტელის ჩვეულ დონეზე დაბრუნება შეუძლია, ამისთვის კი მტკიცე ხასიათი უნდა გამოავლინოს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი თავდამსხმელი “როსონერიში” ამ ზაფხულს დაბრუნდა და იჯარის წესით თამაშობს.
“ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბალოტელის დახმარება შეუძლია, თავად ბალოტელი გახლავთ. როდესაც კლუბს იცვლი, შექმნილ ვითარებას სწორად აფასებ და მწვრთნელის პატივისცმით სარგებლობ, საქმე გაცილებით იოლდება.
ყველაფერი სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული. მინახავს ფეხბურთელები, რომლებსაც მისი ნიჭის ნახევარი ჰქონდათ და თავიანთი კლუბების ლიდერები გამხდარან. ყველაზე მთავარი მენტალიტეტია”, – დავიდსის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.
“მილანი” უახლოეს მატჩს იტალიის სერია A-ს ეგიდით თანაქალაქელი “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს. ასე რომ, “როსონერიში” დაბრუნების შემდეგ ბალოტელის დებიუტი შესაძლოა, მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შედგეს.