ედი ჯონსი – ფანტასტიური იყო!
საქართველოსა და ინგლისის ნაკრებებმა ლონდონში პირველი ერთობლივი ვარჯიში გამართეს. იმისათვის, რომ ვარჯიში მეტად ნაყოფიერი ყოფილიყო და როგორც მსგავსი შეკრებების დროს ხდება, მასპინძლებმა ცნობილი ინგლისელი რეფერი უეინ ბარნსი მოიწვიეს.
თავდაპირველად შერკინებისა და ხაზის მოთამაშეებმა ცალ-ცალკე ივარჯეს, ფორვარდებმა უმეტესად შერკინებაში, ხოლო ვარჯიშის ბოლოს ერთობლივი წვრთნა ჩატარდა.
შერკინების ვარჯიშით კმაყოფილი იყო ინგლისელთა ავსტრალიელი თავკაცი ედი ჯოსი:
„ფანტასტიური იყო!… საქართველოს სწორედ ისეთი შერკინება ყავს, რომლის წინააღმდეგაც მუდამ უნდა გინდოდეს ვარჯიში. ესაა ძალიან ძლიერი შერკინება, რომელიც სხვებისგან განსხვავებულად მუშაობს. ვერც კი ვინატრებდი ისეთი ვარჯიში იყო და ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს. მე მათ ვესაუბრე და აღტაცებულები არიან.“
ჯონსი ქართული შერკინების განსხვავებულობის და სიძლიერის მიზეზებზეც დაფიქრდა და თვლის, რომ:
„ქართველები თავსა და მხრებს განსხვავებულად იყენებენ, რითაც წნეხს თავიდანვე, ფეხების მოძრაობამდე ქმნიან. მათი შერკინება ძველი და ახალი სტილის სინთეზს წარმოადგენს. შერკინება ლამისაა მათი ცხოვრების ნაწილია. მერწმუნეთ, ჩვენმა ბიჭებმა ბევრი ახალი რამ ისწავლეს და შესანიშნავად გაიარეს ადაპტაცია“.
ედიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ქართულ შერკინებას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს და არ გამორიცხა, რომ მსგავსი ერთობლივი ვარჯიშები მომავალშიც გაიმართოს:
„ბევრი გუნდი ცდილობს ასე შერკინებას, მაგრამ საქართველოს ამ ასპექტში ვერავინ შეედრება. სხვებიც ცდილობენ თავისა და მხრების გამოყენებით მეტოქის შერკინება არასტაბილური გახადონ, მაგრამ ქართველებს ეს საუკეთესოდ გამოსდით.
„ქართველ მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთობლივი ვარჯიშით ორივე მხარე დიდ სარგებელს იღებს და არაა გამორიცხული, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამისათვის ლიმიტირებული დრო გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში ყველაზე დომინანტი შერკინება გვყავდეს. ამისგან ჯერ შორს ვართ, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. დღეს გვქონდა შესანიშნავი შანსი გვესწავლა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ შერკინებაში უფრო ეფექტურად.“
Rugby.Ge