ედინ ჯეკომ ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო
მილანის “ინტერისა” და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო.
35 წლის ფეხბურთელმა ეს ნაბიჯი ბიზნესის საწარმოებლად გადადგა. კერძოდ, ჯეკო ხორვატიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კურორტ დუბროვნიკზე სარესტორნო ბიზნესის წარმოებას აპირებს. ბოსნია და ჰერცეგოვინა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას იძლევა. ასე რომ, ჯეკოს ხორვატიის მოქალაქეობის მიღებით ბოსნიის ნაკრებში თამაშზე პრობლემა არ შეექმნება.
თავის მხრივ, ხორვატია ცნობილი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებს და ინვესტიციების მოზიდვას სხვა ვარსკვლავებისგანაც შეეცდება.
ედინ ჯეკომ მიმდინარე წელს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებში ექვსი მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, “ინტერის” რიგებში კი ამ სეზონში ათი გოლი აქვს გატანილი.