„ელ ქეშიკო“
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი „პარკ დე პრენსზე“ შედგება, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს. ფინანსურად მოყოჩაღებულმა „მონაკომ“ გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე ლიგა მოიგო და ქვეყნის რანგით პირველ დივიზიონში გადმოინაცვლა, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება „პსჟ“-ს, პარიზელებს აქტივში 11 ქულა აქვთ და დღეს შეეცდებიან, ჩემპიონობისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტი უკან მოიტოვონ. სხვათა შორის, გუნდების ფინანსური შესაძლებლობების გამო, აღნიშნული შეხვედრა „ელ ქეშიკოდაც“ კი მონათლეს.
„კარგია, რომ შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში გავიმარჯვეთ. „მონაკოსთან“ გასამართი შეხვედრის წინ, ამას მნიშვნელობა აქვს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ და მოწინააღმდეგეც განსახვავებულია. ათენში გამარჯვება მორაული კუთხით კარგია, თუმცა ეს მოგება უკვე წარსულია, ახლა ყველაზე მეტად „მონაკოსთან“ გასამართ შეხვედრაზე ვღელავ. ალბათ, ეს გუნდი „ოლიმპიაკოსზე“ ძლიერია“, – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა თავკაცმა ლორან ბლანმა.
„მონაკოს“ აღმასვლა გვიჩვენებს იმას, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი უფრო დაბალანსებული ხდება. მეტოქედ კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც ტიტულის მოგება უნდა. ისინი ყველაფერს აკეთებენ წარმატების მოსაპოვებლად. დამდეგი შეხვედრა, ჩვენს მსგავსად, მათთვისაც დიდი გამოცდა იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რათა გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ.
„მონაკოს“ თავკაცი კლაუდიო რანიერი მუდმივად აღნიშნავს, რომ ბლანს მის მეგობრად მიიჩნევს. ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რომელი თავდამსხმელი სჯობს – რადამელ ფალკაო თუ ედინსონ კავანი.
„პარი სენ-ჟერმენს“ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავს. ლორან ბლანს თავისი ფეხბურთელების გამოყენება ისე შეუძლია, როგორც თავად მას სურს. პარიზელებს გრძელი სათადარიგო სკამიც აქვთ“, – განაცხადა რანიერიმ.
– გვითხარით, რომელი სჯობს – კავანი თუ ფალკაო?
– ფალკაო.
სტუმართა პრესკონფერენციაზე მათი ერთ-ერთი მთავარი ლიდერი რადამელ ფალკაოც გამოცხადდა.
„გვესმის, რომ შესათამაშებლად ცოტა დრო გვქონდა. ერთად მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებთ, პარიზელები კი უკვე დიდი ხანია, გუნდად იქცნენ. დამდეგი მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ჩვენი შანსები გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ფალკაომ.
მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
ბექა დოგრაშვილი