ელერდაისი: “დიეგო კოსტა პროვოკაციების შემდეგ უკეთ თამაშს იწყებს”
დღეს ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის უმრავლესი შეხვედრები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს “აპტონ პარკზე” გასამართი შეხვედრა — “ვესტ ჰემ იუნაიტედი” თანაქალაქელ “ჩელსის” მასპინძლობს, აღმოსავლეთ ლონდონი დასავლეთ ლონდონის წინააღმდეგ.
მატჩამდე “ჩაქუჩების” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა დიეგო კოსტას შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.
“ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე სახის დაპირისპირება მოვაწყოთ დიეგო კოსტასთან. ჩვენი ცენტრალური მცველები ამის გაკეთებას არ გეგმავენ, რადგან ამან შეიძლება ისევ ჩვენ გვავნოს.
ხალხი ამბობს, რომ ის ძველი სტილის ცენტრფორვარდია, რადგან ფიზიკური და აგრესიული პროვოკაციებით მოტივაციას იზრდის. ასე რომ, ჩვენ პროვოკაციებს უნდა მოვერიდოთ.
მისი პროვოცირება სულელური ნაბიჯი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის უკეთ ათამაშდება. დიეგო კოსტა თავადვე იწვევს მცველებს. სწორედ ეს უნარები წარმოაჩენს მას ასეთ კარგ ფეხბურთელად”, – ელერდაისის სიტყვები espn-მა გამოაქვეყნა.
“ვესტ ჰემსა” და “ჩელსის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.