ემილიანო სალას ოჯახის წევრები: “გთხოვთ, გააგრძელეთ მისი ძებნა”
“კარდიფ სიტის” თავდამსხმელის, ემილიანო სალას ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს სთხოვენ, რომ ფეხბურთელის ძებნა გააგრძელონ.
როგორც იცით, თვითმფრინავი, რომელშიც ემილიანო სალა და პილოტი იმყოფებოდნენ ორშაბათს გაუჩინარდა. გერსნის პოლიციამ ძებნისა და გადარჩენის ოპერაცია შეწყვიტა, რადგან მათი თქმით, პოვნის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
“ძალიან დაბნეული ვარ. ერთადერთი, რაც მინდა, ისაა, რომ ჩემი ძმა და პილოტი იპოვონ. ვთხოვ შესაბამის უწყებებს, რომ ჩემი ძმა დაგვიბრუნონ. გთხოვთ, ძებნას ნუ შეწყვეტთ. ვიცი, რომ ისინი ცოცხლები არიან და ჩვენ გველოდებიან”, – განაცხადა ემილიანო სალას დამ, რომინამ ESPN-თან ინტერვიუში.
არგენტინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის მამამ, ჰორასიო სალამაც.
“ჩვენ გთხოვთ, მისი ძებნა გააგრძელოთ. ვერ ვიჯერებთ, რომ ძებნის ოპერაცია შეწყდა. გთხოვთ, გააგრძელეთ ძებნა. შეუძლებელია, თვითმფრინავი ჩამოვარდეს და კვალი არ არსებობდეს”, – აცხადებს ჰორასიო სალა.