ემრე ჩანი “იუვენტუსის” გადაწყვეტილებაზე: “შოკირებული და გაბრაზებული ვარ”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ემრე ჩანი გუნდის ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩა. გერმანელი ფეხბურთელი სამწვრთნელო შტაბისა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
25 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ “იუვემ” მისთვის მიცემული პირობა დაარღვია.
“შოკირებული ვარ. ამის შესახებ ბოლო წუთას მაცნობეს, მიზეზიც კი არ მითხრეს. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ. აზრებს დავალაგებ და სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ კლუბს გავესაუბრები. მათ გასულ კვირაში მითხრეს და დამპირდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვიქნებოდი. “პარი სენ-ჟერმენს” ჩემი შეძენა სურდა და “იუვეში” დარჩენა გადავწყვიტე. პირობა ასეთი იყო – მე ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი”, – უთხრა ჩანმა “ბილდს”.
ემრე ჩანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისათვის გაკეთებულ განაცხადში მარიო მანჯუკიჩი და ტრავმირებული ჯორჯო კიელინი ვერ მოხვდნენ.