ემრე ჯანმა ბოდიში მოიხადა: “არ მინდოდა ჩემი სიტყვებით ქალებისთვის შეურაცხყოფა მიყენება”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ემრე ჯანმა “ვალენსიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მდედრობით სქესს დიდ პატივს სცემს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო კრიშტიანუ რონალდუსთვის უსამართლოდ ნაჩვენები წითელი ბარათით – “როგორც გავიგე, წითელი ბარათი თმაზე მოქაჩვისთვის უჩვენეს. ჩვენ ქალები არ ვართ, ფეხბურთს ვთამაშობთ” – განაცხადა ჯანმა მატჩის შემდეგ.
დღეს ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში საჯაროდ მოიხადა ბოდიში: “”მინდა ყველასათვის განვმარტო მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარი. ამის საჭიროება თვალსაჩინოა, რადგანაც ჩემმა კომენტარმა რონალდუს გაგდებასთან დაკავშირებით, ვნებათა ღელვა გამოიწვია.
მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩემი სიტყვები ქალებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ისახავდა მიზნად. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ თანასწორობის იდეას დიდ პატივს ვცემ. მინდა ბოდიში მოვიხადო, თუ ჩემმა კომენტარებმა ვინმეს ზიანი მიაყენა,” – ვკითხულობთ გერმანელის განცხადებაში.