“ექიმს ვკითხე, როდის შევძლებდი ვარჯიშს” – “მერანის” ფეხბურთელის მძიმე ტრავმა (ვიდეო)
24 აპრილს, საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 ტურში მარტვილის “მერანმა” საკუთარ მოედანზე საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
პირველი ნახევრის ერთ-ერთ მომენტში მარტვილელთა ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე ფაცაცია საჩხერელთა ფეხბურთელს თავით შეეჯახა. შეჯახება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ფაცაციამ მძიმე ტრავმა მიიღო. “მერანის” 21 წლის ნახევარმცველი სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას თავის ქალის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.
ფაცაციას ოპერაცია 25 აპრილს გაუკეთეს და საბედნიეროდ, ის ახლა თავს კარგად გრძნობს.
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას თანაგრძნობისთვის და გამხნევებისთვის. ოპერაციის შემდეგ, პირველი, რაც ვკითხე ექიმს ის იყო, თუ როდის შევძლებდი ვარჯიშს. ფეხბურთით ვცხოვრობ და ფეხბურთის გარეშე ერთი დღეც კი ჩემთვის დიდი ტკივილია. საბედნიეროდ, დაზიანება არ აღმომაჩნდა იმ სიმძიმის, რომ ფეხბურთის თამაშისთვის შეეშალა ხელი. როგორც ექიმმა მითხრა, ორ თვეში სრული დატვირთვით შევძლებ ვარჯიშს. გარკვეული პერიოდი ჩაფხუტით მომიწევს თამაში, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია მოედანს დავუბრუნდე”, – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.