“დიდი სემი” გამოიჭირეს – ალარდაისს დაკავებული პოსტიდან ათავისუფლებენ
სემ ალარდაისი ამ წუთებში “უემბლიზე” იმყოფება, სადაც ის ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის მეთაურებთან სამსახურის შენარჩუნების მიზნით აწარმოებს მოლაპარაკებებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცის მონაწილეობით გადაღებულ ვიდეოს ეხება, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობს “სანდერლენდის” ყოფილი მწვრთნელი ბიზნესმენისათვის 400,000 ფუნტიან ტრანსფერთან დაკავშირებით რჩევების მიცემას.
“დიდ სემს” ეგონა, რომ საქმე რეალურ ბიზნესმენებთან ჰქონდა. ის აღმოსავლეთშიც კი წავიდა მოლაპარაკებების საწარმოებლად იმ ბიზნესმენებთან, რომლებიც სინამდვილეში შენიღბულ ჟურნალისტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც 10-თვიანი გამოძიების ბოლომდე მიყვანას აპირებდნენ და მოახერხეს კიდეც.
The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FA-ს დირექტორი გრეგ კლარკი და აღმასრულებელი დირექტორი მარტინ გლენი კატეგორიულად მოითხოვენ ალარდაისის დაკავებული პოსტიდან განთავისუფლებას. ამ საქმეში თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს FA-ს შტაბის წევრებმა დენ ეშვორთმა და დევიდ გილმა, თუმცა მთავარი მაინც კლარკის გადაწყვეტილება იქნება.
როგორც იცით, ალარდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად ივლისში დაინიშნა. კონტრაქტის თანახმად, მას წელიწადში 3 მილიონი ფუნტი უნდა მიეღო, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დამატებოდა.