ექვსი წლის წინ “მანჩესტერ იუნაიტედს” მაგუაირის ოთხ მილიონად ყიდვა შეეძლო
ბრიტანული გამოცემა Daily Mirror ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰარი მაგუაირის შეძენა 2013 წელსაც შეეძლო. მაშინ მაგუაირი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც “შეფილდ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა.
იმ დროს “წითელი ეშმაკუნების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესი გახლდათ, რომელმაც ალექს სერ ფერგიუსონის რჩევით, სკაუტებს სთხოვა რომ ინგლისელ მცველს დაკვირვებოდნენ.
“შეფილდ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდელებს” მაგუაირის ტრანსფერის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი მოსთხოვა, თუმცა მოიესის მხარემ უარი განაცხადა. მაგუაირი კი “ჰალ სიტის” რიგებში გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ახლახან 80 მილიონ ფუნტად შეიძინა “ლესტერიდან” მაგუაირი. ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.