ერიკ თოჰირი: „ინტერის“ გარდაქმნას 2-3 წელიწადი დასჭირდება“
მილანის „ინტერისთვის“ მიმდინარე წელიწადი ძალზედ ცუდად დაიწყო: გუნდი ჯერ სერია A-ს გათამაშებაში რომის „ლაციოსთან“ დამარცხდა, შემდეგ კი იტალიის თასზე „უდინეზესთან“ წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ორივე შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.
„ნერაძურის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი გულს არ იტეხს და იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აპირებს კლუბის განვითარებას.
„ნორმალურია, როცა გულშემატკივრები ზედიზედ ორ მატჩში დამარცხების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მეც უკმაყოფილო ვარ, რადგან თავადაც გულშემატკივარი გახლავართ.
ვთვლი, რომ ამ გუნდს კარგი პერსპექტივა აქვს, თუმცა სასურველი ბალანსი უნდა ვიპოვოთ.
რამდენიმე მოთამაშეს ვაკვირდებით. მოლაპარაკებები გრძელდება და მოხარულნი ვიქნებით, თუ ამ ფეხბურთელებს დავიმატებთ.
გუნდის გარდასაქმნელად შექმნილი გეგმის განხორციელებას 2-3 წელიწადი დასჭირდება. გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. იმედი მაქვს, რომ „ინტერი“ უკეთ ათამაშდება.
ვალტერ მაცარი გუნდისთვის იდეალური მწვრთნელია. ერთმანეთს სრულად ვენდობით“, – თოჰირის სიტყვები მილანური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
„ინტერი“ მორიგ მატჩს სერია A-ს XIX ტურში „კიევოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14 იანვარს, ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.
ბექა დოგრაშვილი