ერიკ თოჰირი: „მილანურ დერბის ცოცხლად პირველად ვუყურებ“
იტალიის სერია А-ს მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ შედგება, სადაც „ინტერი“ თანაქალაქელ „მილანს“ მიიღებს. „ნერიაძურის“ ახალმა მფლობელმა ერიკ თოჰირმა იმედი გამოთქვა, რომ საინტერესო მატჩი გამოვა. მისი თქმით, დერბის სტადიონიდან მიადევნებს თვალყურს და არა – ტელევიზიის საშუალებით.
„გუნდის შედეგებზე არ ვღელავ, რადგან სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს ვენდობი. „მილანთან“ მატჩი გველის. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ საინტერესო შეხვედრას ველი. ტელევიზიის საშუალებით არაერთხელ მიმიდევნებია მილანური დერბისთვის თვალყური. ამ მატჩს ცოცხლად პირველად ვუყურებ. იმედი მაქვს, შეხვედრას „ინტერი“ მოიგებს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება“, – თოჰირის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „მილანს“ შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. როგორც მოგეხსენებათ, „ნერიაძურის“ ქომაგებმა „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ნეაპოლელთა მიმართ გამოვლენილი აგრესიის გამო დისკვალიფიკაცია მიიღეს. მათ მილანურ დერბიში დასწრების უფლება არ ექნებათ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. საბოლოო განაჩენს ფედერალური სასამართლო დღეს გამოიტანს.
ბექა დოგრაშვილი