ერიკ თოჰირი: “თითოეულ ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს “ინტერის” სახელით თამაში”
მილანის “ინტერის” პრეზიდენტი ერიკ თოჰირი თვლის, რომ გუნდს ახალი ფეხბურთელები სჭირდება. მისი თქმით, “ნერიაძურიმ” მიმდინარე სეზონი არა იდეალურად, თუმცა ნორმალურად განვლო.
“ინტერის” ფეხბურთელებსა და რობერტო მანჩინის შევხვდი. მათ მადლობა გადავუხადე. კარგი სეზონი გამოვიდა, მაგრამ არა იდეალური, ვინაიდან ჩვენ გათამაშების მიმდინარეობისას პირველი ადგილი გვეკავა, თუმცა მოწინავე პოზიცია ვერ შევინარჩუნეთ. ფეხბურთელები ძალისხმევას არ იშურებდნენ და მე მათ ამისთვის მადლობას ვუხდი.
“ინტერს” ახალი მოთამაშეები სჭირდება, თუმცა არც ფინანსური ფეარ პლეი უნდა დავივიწყოთ. სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა უნდა დავაბალანსოთ. გუნდში ზოგიერთი ფეხბურთელი დარჩება, ზოგიერთი კი აქ ადგილს ვერ შეინარჩუნებს. ერთი რამ ყველას ვუთხარი: თუ მოთამაშეს დარჩენა სურს, უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს “ინტერის” სახელით თამაში. მათ ბრძოლა და საუკეთესო სათამაშო თვისებების წარმოჩენა მოეთხოვებათ”, – თოჰირის კომენტარი Class CNBC-მ გამოაქვეყნა.