ეროვნული ლიგა 25 ივნისს შეცვლილი ფორმატით განახლდება!
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ეცნობა ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა კლუბს.
სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. აღნიშნული ითვალისწინებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც აუცილებელია ეროვნულ ლიგაში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.