ეროვნული ლიგა: მე-14 ტურის სიმბოლური ნაკრები FANEBI.COM-ის ვერსიით
ეროვნული ლიგის მე-14 ტური საჩხერის “ჩიხურას” დიდებული გამარჯვებით დაიწყო და შინდაგორიძის ულამაზესი გოლებით დასრულდა. კრიზისში მყოფმა “ტორპედომ” გამარჯვება შეძლო, “ვიტ ჯორჯია” და თბილისის “დინამო” კვლავ აგებენ, “ლოკოს” სამურკასოვი ლიდერობს. Fanebi.com ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ. 4-4-2
დინო ჰამზიჩი (ჩიხურა) – “ჰამზიჩი დღეს გოლის გაშვებას არ აპირებს” – დინომ ზედიზედ მე-3 მატჩში შეინახა მშრალად კარი.
გიორგი კორიფაძე (ჩიხურა) – საჩხერელთა მარჯვენა მცველი მიმდინარე სეზონის საუკეთესო მარჯვენა ფლანგელია.
ალექსანდრე გურეშიძე (ლოკომოტივი) – “ლოკომოტივის” ცენტრალური დაცვა ნელ-ნელა გაუვალი ხდება.
გაგი მარგველაშვილი (საბურთალო) – “საბურთალოს” კაპიტანი თბილისურ დერბიში დამაჯერებლად იდგა.
ლუკა ლაკვეხველიანი (საბურთალო) – “საბურთალოს” მარცხენა მცველმა “დინამოს” მარჯვენა ფრთა აიკლო და შულაიაც შეაჩერა.
დემურ ჩიხლაძე (ჩიხურა) – “ჩიხურას” თითქმის ყოველი შეტევის წამომწყები დემიკო ჩიხლაძეა და “სიონთანაც” ასე იყო.
მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა) – სარდალიშვილმა “სიონის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და 2 საგოლე პასი გააკეთა. სარდალისვილი ფენტეზის მოთამაშეების ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.
დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი) – სამურკასოვმა “დილას” წინააღმდეგ ულამაზესი მოძრაობით გამარჯვების ერთადერთი გოლი გაიტანა.
ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – შინდაგორიძემ “Beast Mode” ჩართო და თბილისის “დინამოს” 2 უძლიერესი გოლი შეუგდო. ლაშა ეროვნულ ლიგას 9 გოლით ბომბარდირობს და ნაკრებში გამოძახების შანსიც დაიმსახურა.
ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი) – ჯოვინომ “ვიტ ჯორჯიას” დაცვას ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა.
ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – ზივზივაძემ “რუსთავთან” პირადად მოიგო და ნაკრებში თავდამსხმლის პოზიციის დასაკავებლად განაცხადი გააკეთა.