ეროვნული ლიგა: მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგის მე-8 ტურში 14 გოლი გავიდა და 5-ვე მატჩში რადიკალურად განსხვავებული სცენარი ვიხილეთ. “მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” 2-3 წააგო და კონკურენტებს ცხრილში სიტუაციის დაძაბვის საშუალება მისცა. “ღმერთის ხელი”, ფრუიძის გუნდის შეკრების ალღო, გეგუჩაძის კლასი, “ტორპედო”, “სიონის” უგულავა, რომელსაც ვერავინ ამჩნევს და “დინამოს” ლეგიონერები. ტურის საუკეთესო ფეხბურთელად Fanebi.com ბიძინა მახარობლიძეს მიიჩნევს.
მიხეილ ალავიძე (“დინამო ბთ”) – ბათუმის “დინამომ” მიმდინარე სეზონში მეხუთედ შეძლო კარის მშრალად შენახვა და ალავიძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ალავიძე დგას და დაფრინავს იქ, სადაც ბურთია.
გურამ ადამაძე (“დინამო ბთ”) – კარგი მეკარე საიმედო დაცვის გარეშე ნამდვილად ვერ მოახერხებდა 8 ტურში 5-ჯერ კარის მშრალად შენახვას. ადამაძე და გაგოშიძე ცენტრალურ დაცვას ამაგრებენ, თუმცა ამჯერად ადამაძე გამოვარჩიეთ.
ვიქტორ მონხილი (“დინამო თბ”) – “დინამომ” ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და ეს დიდწილად კარგი დაცვის დამსახურებაა. მონხილი მეჯუბისთან ერთად საინტერესო დუეტს ქმნის და “დილასთანაც” გამოირჩა.
ლევან გეგეჭკორი (“ტორპედო”) – შეიძლება, ბევრს გეგეჭკორის თამაშის ყურებისას უკვირდეს, თუ როგორ აჩერებს ის ბურთს და უმეტესად, რატომ ასწორებს ბურთის ისარს ყოველთვის რევერსული მიმართულებით მიღების შემდეგ. გეგეჭკორი საინტერესო ფეხბურთელია და “ვიტ ჯორჯიასთან” საგოლე პასით და კარგი ართმევებით გამოირჩა.
ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურა”) – საჩხერის “ჩიხურას” მარცხენა მცველი სეზონის დასაწყისში სათადარიგო სკამზე გვევლინებოდა, თუმცა კლუბის საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, ფრუიძის მისი საქმეში ჩართვა მოუწია და ჩიკვაიძეც, როგორც ყოველთვის, სამსონის ერთ-ერთი მთავარი იმედია. “საბურთალოსთან” ჩიკვაიძე მარცხენა ფლანგზე თითქმის შეუცდომლად ირჯებოდა.
რევაზ ჩიტეიშვილი (“ჩიხურა”) – სოსო ფრუიძე, მიუხედავად არსებული სიტუაციისა და ლიდერების წასვლისა, ყოველთვის გამორჩეულ გუნდს აყენებს და ამაში ფეხბურთელებისთვის პოზიციების შეცვლაც გამოიხატება. ჩიტეიშვილი გასულ სეზონში მარჯვენა მცველად იდგა, ბოლო რამდენიმე მატჩია კი საყრდენი ნახევარმცველია და “საბურთალოს” მეტად მძლავრ ნახევარდაცვას დაუპირისპირდა.
რიჩარდ ლუკა (“ტორპედო”) – “ტორპედოს” ბრაზილიელი შემტევი კარგ ფორმაში შევიდა და მისი გაჩერება მხოლოდ 1 მცველისთვის რთული პროცედურაა. ლუკა “ვიტ ჯორჯიასთან” ძალიან აქტიური იყო.
ჯოვინო ფლამარიონი (“დინამო ბთ”) – ჯოვინო ფლამარიონი დაბრუნების შემდეგ ეროვნულ ლიგასაც მოერგო და ზედიზედ მე-2 ტურში გაიტანა. ამჯერად, ჯოვინომ მამარდაშვილს თავზე გადაუგდო და მთელი მატჩი აქტიური გახლდათ.
ბუდუ ზივზივაძე (“ტორპედო”) – რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ზივზივაძემ “ვიტ ჯორჯიას” პირადად შეუსრულა. ჯერ თავით შესანიშნავი გოლი გაიტანა, შემდეგ კი კაპანაძეს გაატანინა. ბუდუ მატჩის გმირია.
ჯაბა უგულავა (“სიონი”) – ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი ჯაბა უგულავა ჩემპიონატის ბომბარდირია 6 გოლით. უგულავას ეს 6 გოლი ისე დაუგროვდა, “სიონის” გულშემატკივრის გარდა ბევრმა ნამდვილად ვერ შეამჩნია. ჯაბა ჯერჯერობით ლიგის მთავარი აღმოჩენაა.
ბიძინა მახარობლიძე (“ჩიხურა”) – გიორგი გაბედავა წავიდა, თუმცა ფრუიძემ გაბეზე ოდნავ დაბალი და უფრო სწრაფი, ბიძინა მახარობლიძე მონახა, რომელიც “ჩიხურას” შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. “საბურთალოს” წინააღმდეგ მახარობლიძემ დუბლი შეასრულა, თუმცა თავისი თამაშით კმაყოფილი მაინც არ იყო. მახარობლიძე სწორედ თავდამსხმელია.