ეროვნული ლიგა წლის დაპირისპირებით ბრუნდება – გაბედავა VS კაპანაძე
2 კვირიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა წლის დაპირისპირებით ხვალ დაბრუნდება. ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს და შეეცდებიან ჩემპიონატის დასრულებამდე პრაქტიკულად ერთადერთ კითხვას გასცენ პასუხი – ვინ დაიკავებს საპრიზო მე-3 ადგილს.
საჩხერის “ჩიხურას” 32 ტურის შემდეგ 57 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება “ტორპედოს”, რომელმაც ბოლო 16 მატჩში 10 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა. ბოლო 6 ტურში “ჩიხურაც” არანაკლებ კარგად გამოიყურება და “დილა”, “დინამო”, “რუსთავი”, “კოლხეთი” და “სიონი” დაამარცხა.
შეხვედრას კიდევ უფრო დიდ ინტერესს ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული თავდამსხმელის, თორნიკე კაპანაძეისა და გიორგი გაბედავას დუელიც ანიჭებს. “ელვა” და გაბე დღეს ნაკრების იმ გაფართოებულ შემადგენლობაში შედიან, რომლებთაც, წესით, ვაისი უნდა აკვირდებოდეს. კაპანაძე განსაკუთრებით შემოდგომისას გააქტიურდა, ხოლო, გაბედავა მთელი სეზონია მეკარეების რისხვად არის ქცეული.
გასული 3 წრის სამივე თამაში მინიმალური ანგარიშებით დამთავრდა. 2-ჯერ “ჩიხურამ” მოიგო 1-0, ხოლო, 24-ე ტურში “ტორპედომ” საჩხერლებს მოუგო. გაბედავა ჯერჯერობით კაპანაძეს გუნდების წლევანდელ ურთიერთდაპირისპირებებში 1 ბურთით უსწრებს.
ვინ აჯობებს ამჯერად – სოსო ფრუიძის მუდამ სტაბილური “ჩიხურა” თუ კახა ჩხეტიანის სტრატეგიული აღმაფრენებით სავსე “ტორპედო?
შეხვედრა ხვალ 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას Erovnuliliga.ge-ზე შეძლებთ.