ეროვნული ლიგის 32-ე ტური: პრევიუ
28-29 ოქტომბერს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩები გაიმართება.
„სამტრედია“ საკუთარ მოედანზე თბილისის „საბურთალოს“ მიიღებს. მოახლოვებულ მატჩს ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. გასულ ტურში სამტრედიელებმა სტუმრად ლიდერი, თბილისის „დინამო“, დაამარცხეს ანგარიშით 1:0 და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. საბურთალოელებმა კი, გორის „დილას“ 3:1 მოუგეს და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლეს. სერიოზული დანაკლისი აქვს „სამტრედიას“. უჩა სოსიაშვილის გუნდს „საბურთალოს“ წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ომარ მიგინეიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი ვერ დაეხმარებიან.
საინტერესო შეხვედრა გაიმართება გორში. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ადგილობრივი „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. გორელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენად იბრძვიან და მიზნის მისაღწევად დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვნება სჭირდებათ. თავისმხრივ ჩემპიონობა სურთ ქუთაისელებს და ბუნებრივია კახა ჩხეტიანის გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს. ტორპედოელები შესანიშნავ ფორმაში არიან და უკვე ექვსი თამაშია არ დამარცხებულან. ამ ექვსიდან „ტორპედომ“ ხუთი შეხვედრა მოიგო ერთში კი, ფრედ ითამაშა. განსხვავებული მდგომარეობაა „დილას“ მხარეს. გიორგი დარასელიას გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს, თუმცა საკუთარ მოედანზე გორელები კარგად თამაშობენ და გორიდან ქულის წამოღება ეროვნული ლიგის ნებისმიერი გუნდისთვის საკმაოდ რთული საქმეა.
პირველი სათამაშო დღე თბილისში დასრულდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. შეხვედრას დინამოელთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში ნაჩვენები უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე თბილისური კლუბი ლიდერობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე უახლოეს მდევარ ქუთაისის „ტორპედოსთან“ სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. ეს კი, „დინამოს“ საჩემპიონო ამბიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით დინამოელებს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ყველა დარჩენილ შეხვედრაში უპირობო გამარჯვება სჭირდებათ. რაც შეეხება „ჩიხურას“, მართალია საჩხერელები ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვიან, მაგრამ ბოლო ორ ტურში მოგებული მატჩების წყალობით გუნდს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი გაუჩნდა და რა თქმა უნდა, სოსო ფრუიძის გუნდი ამ შანსის გამოსაყენებლად ბოლომდე იბრძოლებს.
32-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 29 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. თბილისელებმა ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი მატჩები წააგეს და მათთვის სასურველი მეოთხე ადგილი დათმეს. ლოკო ზედიზედ სამი ტურია ვერ იგებს, ამით კი, მისმა უშუალო კონკურენტმა „საბურთალომ“ ისარგებლა და ერთი ქულით გადაასწრო. ფოთელები კიდევ უფრო რთულ ვითარებაში არიან. „კოლხეთს“ უკვე 17 ტურია არ მოუგია და ეროვნული ლიგიდან გავარდნასთან ძალიან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კოლხებმა ბოლო გამარჯვება სწორედ თბილისის „ლოკომოტივთან“ იზეიმეს. 27 მაისს გამართულ შეხვედრაში ფოთელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს.
ტური აჭარული დერბით დასრულდება. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ქობულეთის „შუქურა“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ბათუმელებს პირდაპირ გავარდნა არ ემუქრებათ და მათ გადათამაშებაში მოუწევთ მონაწილეობა. თუმცა დარჩენილ შეხვედრებში სასურველი შედეგის ჩვენების შემთხვევაში „დინამოს“ კარგი შანსი აქვს გორის „დილას“ გადაასწროს და ლიგაში ადგილი გადათამაშების გარეშე შეინარჩუნოს. გასულ ტურში საჩხერის „ჩიხურასთან“ წაგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ ბათუმური კლუბი მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა დატოვა. მის მაგივრად კი, სეზონის დარჩენილი შეხვედრებისთვის გუნდს ასლან ბალაძე მოამზადებს. განსხვავებული მდგომარეობაა ქობულეთელთა მხარეს. „შუქურა“ ბოლო, მეათე ადგილზეა და ეროვნული ლიგიდან გავარდნის უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება. თუმცა ბოლო პერიოდში გუნდმა თამაში მკვეთრად გამოასწორა და სეზონის მიწურულს უძლიერესთა შორის დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა. გიორგი შაშიაშვილის გუნდი უშუალო კონკურენტს, ფოთის „კოლხეთს“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და საჭირო ქულების დაგროვების შემთხვევაში „შუქურა“ გადათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
Eliga.Ge