ეროვნული ლიგის ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ვაისმა უნდა გამოიძახოს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვეიცარიის წინააღმდეგ 15 ნოემბერს გამართავს, 19 ნოემბერს კი ხორვატიას ამხანაგურად გაეჯიბრება. ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა შემდეგ ფეხბურთელს აუცილებლად უნდა მისცეს შანსი.
ნიკა ნინუა (დინამო თბილისი)
თბილისის “დინამოს” ახალი კაპიტანი, Tranfermarkt-ის მიხედვით ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი – 850 ათასი ევრო, ეროვნული ლიგის ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი, ეროვნული ლიგის საუკეთესო მეპასე, ფეხბურთელი, რომელიც “დინამოს” თითქმის ყველა შეტევას იწყებს და მოთამაშე, რომელიც დიდი კრეატიულობით და შემოქმედებითი უნარით გამოირჩევა. მოედნის ხედვა, პასი, დარტყმა – ნინუას ყველაფერი აქვს ნაკრებში გამოსაძახებლად.
ნიკოლოზ მალი (საბურთალო)
იმ ფონზე, როცა სოლომონ კვირკველიას დიდი ხანია არ უთამაშია, ხოჭოლავა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, კაშია ნამდვილად ვეღარ გამოიყურება მარჯვენა ფლანგზე სოლიდურად, ჯიღაურს მარჯვენა მცველად არც ახსოვს თუ გამოსულა, ვაისი კი ლევან გეგეჭკორს გაფართოებული განაცხადის მიღმა, ვერსად ხედავს და თან, გეგეჭკორიც ტრავმირებულია, ახალგაზრდა და სწრაფი ნიკოლოზ მალი ერთადერთ გამოსავლად რჩება. მალი “საბურთალოს” რიგებში უდიდეს პროგრესს განიცდის და ეს ვაისსაც აუცილებლად უნდა შეემჩნია. როცა თან, ეს შეხვედრები პრაქტიკულად ცხრილში არაფერს წყვეტს.
სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო)
საქართველოს ნაკრებს ამ მატჩებისთვის უმეტესად ნახევარმცველები დააკლდებიან. ჯანო ანანიძე კვლავ არ თამაშობს, თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმა აქვს, გიორგი აბურჯანიაც ვერ იღებს საკმარის დროს და ვახტანგ ჭანტურიშვილმა დროა ასპარეზი სხვებსაც დაუთმოს. “საბურთალოს” საყრდენი ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დღეს ამ პოზიციაზე ელიგაში საუკეთესოა და საოცრად სტაბილურად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასების განაწილება, ძლიერი დარტყმა და ისიც მზად არის გამოწვვების მისაღებად.
ლევან კუტალია (დინამო თბილისი)
ლევან კუტალია კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და 17 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია. ლევანი იდეალურად არჩევს პოზიციას, საოცარი საგოლე ალღოთი და განსაკუთრებით, თავური დარტყმით გამოირჩევა. კუტალია დღეს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო შემტევია.
ლევან ისერგიშვილი (ვიტ ჯორჯია)
დიახ, ლევან ისერგიშვილი. სწორად წაიკითხეთ. 25 წლის ისერგიშვილი ქართულ საფეხბურთო სივრცეში თვალსაჩინოდ მას შემდეგ, გამოჩნდა, რაც “ვიტ ჯორჯიაში” ის დიდი სკანდალი მოხდა და გუნდს მეკარე დასჭირდა. ლევანმა თავისი შანსი იდეალურად გამოიყენა და დღეს რომ გუნდს 5-ჯერ მეტი გოლი არ აქვს გაშვებული, სწორედ ისერგიშვილის დამსახურებაა. “ვიტ ჯორჯია” ბოლო ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში “ფარმაცევტებმა” ბათუმის “დინამოს” უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინეს და ისერგიშვილმა ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა. “დინამომ” 35-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით. კვასხვაძე ტრავმირებულია, კუპატაძე კვლავ არასტაბილურია, ისერგიშვილი დღეს ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმაშია. თუ ვაისს სურს საინტერესო და რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღება, ეს მისი შანსია, მაგრამ ვაისი ამას ვერ შეძლებს. მას ურჩევნია საბჭოთა კავშირის ძველ ფილმს უყუროს, ვიდრე Imdb-ზე შევიდეს და რეიტინგთან ერთად ანალიზიც ნახოს.
გაფართოებული განაცხადი: ლევან კუტალია, მიხეილ ალავიძე, გიორგი ქიმაძე, გაგი მარგველაშვილი.
არ უნდა გამოიძახოს: ჯანო ანანიძე, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაზარე კუპატაძე.