ეროვნული ლიგის გუნდები არ გაკოტრდებიან!
ახალი კოვიდ 19-ისგან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, თითქმის ყველა ევროპულ გუნდს ფინანსური კრიზისი შეექმნა და ხელფასების შემცირებაც დაიწყეს.
სლოვაკური ფეხბურთის გრანდი “ჟილინა” უკვე გაკოტრების პროცესს იწყებს და მომავალი თვიდან ფეხბურთელებს სხვა გუნდში გადასვლაც შეეძლებათ. მოსალოდნელია, რომ კრიზისის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბიც გაკოტრდება.
ამ გუნდების უმეტესობა კერძო ბიზნესიდან ფინანსდება, რომელსაც ახლა ყველაზე დიდი პრობლემები აქვს და პრაქტიკულად გაჩერებულია, ხოლო, სახელმწიფო დაფინანსება ჯერ კიდევ გრძელდება.
სწორედ აქედან გამომდინარე, ქართულ გუნდებს გაკოტრება არ ემუქრებათ. ეროვნული ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის 20-ვე მონაწილეს სახელმწიფო საბაზისო დაფინანსება აქვს, რაც 700 ათასი ლარიდან 1 მილიონამდე მერყეობს. მაგალითად, საჩხერის “ჩიხურას” კერძო სპონსორი საერთოდ არ ჰყავს და მხოლოდ ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებაზე არის დამოკიდებული. კერძო ინვესტორი ქართულ ფეხბურთში შედარებით იშვიათი მოვლენაა.
2 კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ განვითარების ფონდი დაფინანსებას არ შეწყვეტს და 2020 წლის ბოლომდე დამატებით 17 მილიონ ლარს გადარიცხავს.
საქართველოს სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულის, თბილისის “საბურთალოს” სპონსორი ფარმაცევტული კომპანია “ავერსია”, რომელიც კარანტინის პირობებშიც არ გაჩერებულა და “საბურთალოსთან” სასპონსორო ხელშეკრულება გააგრძელა. “ავერსი” თბილისის “დინამოს” პარტნიორიცაა და დიდი ალბათობით, “დინამოსთანაც” მოხდება კონტრაქტის გახანგრძლივება.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გარეშე ეროვნული ლიგის 10 გუნდიდან რამდენიმე მაინც გაკოტრდებოდა.