ეროვნული ლიგის მე-11 ტური: პრევიუ
9-10 მაისს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ ამ მატჩების პრევიუს.
თბილისის “საბურთალო” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: 9 მაისი, 19:00 საათი
მიხეილ მესხის სახელობოს სტადიონზე თბილისის “საბურთალო” “კოხლეთს” მიიღებს. დედაქალაქელებმა წინა შეხვედრა “ტორპედოსთან” ქუთაისში უგოლო ფრით დაასრულეს. ამჟამად ისინი 16 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “კოლხეთს”, ამ გუნდმა ეროვნულ ლიგაში ბოლოს პირველ აპრილს მოიგო. მეათე ტურში მეგრული კლუბი “დინამოსთან” ანგარიშით, 0:3 დამარცხდა. იგი შვიდი ქულით მეცხრეზეა.
ქუთაისის “ტორპედო” – ქობულეთის “შუქურა”
დასაწყისი: 9 მაისი, 21:00 საათი
კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება, ტორპედოსა” და “შუქურას” დაპირისპრიებაა. ეს მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ქუთათურებმა წინა შეხვედრაში, როგორც ვთქვით, “საბურთალოსთან” ქულები გაიყვეს. “ტორპედო” 16 ქულით მეხუთეზეა. “შუქურა” საშინელ ფეხბურთს თამაშობს. ამ გუნდს სამად სამი ქულა აქვს, რომელიც სამი ფრით მოიპოვა. შესაბამისად, ის ბოლო პოზიციაზეა. ამ შეხვედრაში იმერლებს მარტივი გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.
ბათუმის “დინამო” – გორის “დილა”
დასაწყისი: 10 მაისი, 17:00 საათი
ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივი “დინამო” “დილას” მიიღებს. ბათუმლებმა წინა ტურში ხანგრძილივი დროის შემდეგ, თავიანთ ქალაქში პირველად ჩაატარეს შეხვედრა. ისტორიულ დღეს “დინამო” “სამტრედიასთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მას 12 ქულა აქვს და მეშვიდეზეა. “დილამ” მეათე ტურში “ჩიხურას” საკუთარ მოედანზე მოუგო (2:0), დააგროვა 11 ქულა და ცხრილში სწორედ “დინამოს” მიუახლოვდა.
თბილისის “დინამო” – თბილისის “ლოკომოტივი”
დასაწყისი: 10 მაისი, 19:00 საათი
ტურის ცენტრალური შეხვედრა 10 მაისს, თბილისში, “დინამო არენაზე” შედგება. დედაქალაქურ დერბიში ჩემპიონატის პირველი და მეორეადგილოსანი დაუპირისპირდებიან: “დინამო” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ. მასპინძელმა გუნდმა ბოლო შვიდი მატჩი მოიგო და ახლა 24 ქულით პირველზეა. მას სამი ქულით ჩამორჩება “ლოკო”, რომელსაც “დინამოზე” ერთით ნაკლები (1) წაგება, თუმცა სამით მეტი (3) ფრე აქვს ნათამაშები. განსაკუთრებით, გუნდების შემტევები შესანიშნავ ფორმაში არიან.”დინამოდან” გამოსარჩევია ბაჩანა არაბული, რომლის ანგარიშზეც ექვსი გოლია. ხოლო, გიორგი დევდარიანის შეგირდებიდან შემტევი დუეტი უნდა აღვნიშნოთ: სიხარულიძე-გავაშელიშვილი. ათ ტურში ამ ორმა ფეხბურთელმა ერთად 19 გოლი გაიტანეს. მოკლედ, ყველა მხრივ საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა უნდა გამოდგეს.
საჩხერის “ჩიხურა” – სამტრედიას “სამტრედია”
დასაწყისი: 10 მაისი, 21:00 საათი
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც მეტერთმეტე ტურის ბოლო დღეს შედგება შარშანდელი ჩემპიონატის ფინალური წყვილის დაპირისპირებაა. “ჩიხურა” ბოლო დროს კარგად ვერ გამოიყურება. იმერლებმა უკანასკნელ ორ შეხვედრაში შვიდი გოლი გაუშვეს, ვერცერთი გაიტანეს და, შესაბამისად, ქულაც ვერ მოიპოვეს. ისინი 13 ქულით მეექვსეზე არიან. “სამტრედია” ნელ-ნელა წინ მიიწევს. მას 17 ქულა აქვს და მესამეზეა.