ეროვნული ლიგის მეექვსე ტური: პრევიუ
დღეს ეროვნული ლიგის მეექვსე ტური აიღებს სტარტს. Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ.
რუსთავის “რუსთავი” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: 13 აპრილი, 20:00
დღეს რუსთავის “რუსთავი” “მიხეილ მესხზე” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს. ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, მასპინძლებმა წინა შეხვედრაში “სიონს” მოუგეს და ახლა ექვსი ქულა აქვთ. ისინი მეექვსე საფეხურზე იმყოფებიან. რაც შეეხება “კოლხეთს”, მეგრულმა გუნდმა “სამტრედიას” დამარცხების შემდეგ, მეხუთე ტურში “დილასთან” წააგო და ახლა ოთხი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა.
თბილისის “ლოკომოტივი” – ბოლნისის “სიონი”
დასაწყისი: 14 აპრილი, 16:30
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დედაქალაქში, უკვე “მიხეილ მესხი 2”-ზე შედგება, “ლოკომოტივისა” და ნახსენები ბოლნისის “სიონის” დაპირისპირებაა. “რკინიგზელებმა” საშინელი სტარტის შემდეგ, ჯერ “ჩიხურასთან” ფრე გააგორეს, შემდეგ კი ლიდერ “საბურთალოს” ანგარიშით, 2-1 სძლიეს. “ლოკო” ოთხი ქულით მერვეა. რაც შეეხება “სიონს”, მან ბოლო ორი შეხვედრა წააგო და ახლა ოთხი ქულა აქვს. ბოლნისლები მეშვიდე საფეხურზე იმყოფებიან.
ქუთაისის “ტორპედო” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 14 აპრილი, 19:00
მეექვსე ტურში იმერულ დერბის ვიხილავთ: “ტორპედო” “ჩიხურას” წინააღმდეგ. მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” გაიმართება. წინა ტურში მოქმედმა ჩემპიონებმა “სამტრედია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ახლა ცხრა ქულით მეოთხე ადგილზე არიან. “ჩიხურამ” მეხუთე ტურში ჩემპიონატში პირველი წაგება იგემა: საჩხერლები თბილისის “დინამოსთან” სტურმად დამარცხდნენ. ახლა მათ რვა ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.
სამტრედიის “სამტრედია” – გორის “დილა”
დასაწყისი: 15 აპრილი, 16:00
ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედია” “დილას” შეხვდება. იმერლებმა ბოლო ოთხი მატჩი წააგეს, რის შემდეგაც პოსტი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა. “სამტრედია” “დილას” წინააღდეგ ახალი მწვრთნელის, ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ითამაშებს და შეეცდება, რომ ბოლო ადგილს თავი დააღწიოს. რაც შეეხება “დილას”, მან ბოლო ორი მატჩი მოიგო და ახლა 10 ქულით მესამეა.
თბილისის “დინამო” – თბილსისი “საბურთალო”
დასაწყისი: 15 აპრილი, 16:00
კიდევ ერთი დაპირისპირება, რომელიც მეექვსე ტურში გაიმართება, თბილისური დერბია. “დინამო” შესანიშნავ ფორმაშია. ამ გუნდმა პირველ ტურში წაგების შემდეგ, ოთხი დაპირისპირება მოიგო. ახლა ის 12 ქულით მეორეა. ხოლო, “საბურთალოსაც” სწორედ 12 ქულა აქვს და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო, პირველ ადგილზეა. მოკლედ, შესაძლებელია, ამ ტურის შემდეგ ახალი პირველადგილოსანი გვყავდეს ან ყველაფერი ისევ ისე დარჩეს.