ეროვნული ლიგის მეორე ტური: 11 მარტის შეხვედრების პრევიუ
დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ქუთაისის “ტორპედოსთან” ფრე (1-1) ითამაშა. 11 მარტს დანარჩენი ოთხი მატჩი გაიმართება. Fanebi.Com-ი ამ თამაშების პრევიუს გთავაზობთ.
თბილისის “ლოკომოტივი” – თბილისის “დინამო”
დაწყების დრო: 14:00, 11 მარტი
ერთ-ერთი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. ერთმანეთს დედალაქური კლუბები, “ლოკომოტივი” და “დინამო” დაუპირირსპირდებიან. პირველმა მათგანმა წინა ტურში ბათუმის “დინამოსთან” დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით, 2:1 იმარჯვა. დუბლი შეასრულა ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სიხარულიძემ. თავის მხრივ სამი ქული მოპოვება მოახერხა მეორე თბილისურმა გუნდმაც. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი საკუტარ არენაზე ფოთის “კოლხეთს შეერკინა და ბაჩანა არაბულის გოლის წყალობით მოიგო. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა რომელიმე გუნდის მოგებათა სერია თუ ფრეზე გაეყრებიან კლუბები.
სამტრედიის “სამტრედია” – საჩხერის “ჩიხურა”
დაწყების დრო: 15:00, 11 მარტი
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე ერთმანეთს საქართველოს წინა ჩემპიონატის ფინალისტები დაუპირისპირდებიან. “სამტრედიამ” პირველი ტური გახსნა. იგი “შუქურას” შეხვდა. იმ მატჩში კლუბებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს და ფრეზე გაეყარნენ. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერლებმა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის მოედანზე გორის “დილას” წინააღმდეგ გააგორეს ბურთი და ნულოვანი ფრე დააფიქსირეს. შესაბამისად, ორივე გუნდი შეეცდება, პირველი სამი ქულა მოიპოვოს. ნამდვილად, უკომპრომისო და დაძაბულ ჯახს უნდა ველოდოთ.
გორის “დილა” – ბათუმის “დინამო”
დაწყების დრო: 15:00, 11 მარტი
გორში, დავით აბაშიძის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივი “დილა” ბათუმის “დინამოს” მიიღებს. როგორც უკვე ვთქვით, “დილამ” და “ჩიხურამ” პირველ ტურში ერთმანეთს ვერ გაუტანეს და თითო-თითო ქულა მოიპოვეს. რაც შეეხება “დინამოს”, აჭარლებმა წინა დაპირისპირებაში (“ლოკოს” წინააღმდეგ) ანგარიში კი გახსნეს, თუმცა შემდეგ ორი ბურთი მიიღეს და ამჟამად ნული ქულა აქვთ. “დილას” დიდი ამბიციები აქვს და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ქართლელები თამაშის მოგებას. თავის მხრივ, “დინამო” ბრინჯაოს ფინალის გამარჯვებულია და ზაფხულზე საქართველო ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა წარადგინოს. საინტერესოა, რა ძალები გააჩნია ამ გუნდს. მოკლედ, აქაც ინტრიგა დიდია და დაველოდოთ.
ფოთის “კოლხეთი” – თბილისის “საბურთალო”
დაწყების დრო: 15:00, 11 მარტი
ქობულეთში, “ჩელე არენაზე” “კოლხეთი” თბილისის “საბურთალოს” მიიღებს. მეგრელებმა პირველივე მატჩი “დინამოსთან” თბილისში გამართეს. მათ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მინიმალური სხვაობით მაინც დამარცხდნენ. “საბურთალომ” საკუთარ მოედანზე “ტორპედოს” სძლია. დაველოდოთ, როგორ ბრძოლას გაუმართავენ ფოთელები დედაქალაქურ კლუბს და ახლა მაინც თუ მოახერხებენ გამარჯვებას.