ეროვნული ლიგის მერვე ტური: პრევიუ
მომდევნო სამი დღის მანძილზე ეროვნულ ლიგაში მერვე ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული ტურის პრევიუს.
ქობულეთის “შუქურა” – გორის “დილა”
დასაწყისი: 21 აპრილი, 16:00 საათი
“ჩელე არენაზე” ადგილობრივი “შუქურა” “დილას” მიიღებს. აჭარლებმა ბოლო ხუთი მატჩი წააგეს და ისინი ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან. ქობულეთის კლუბს ორი ქულა აქვს და ცხრილში ბოლო ადგილზეა. “დილა” ბოლო სამი მატჩია არ აგებს, თუმცა ვერც იგებს. გორელებმა ბოლო დაპირისპირება მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამარტეს და მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩნენ (3-3). ახლა “დილას” შვიდი ქულა აქვს და მის ამჟამინდელ მეტოქეზე ორით მაღალ საფეხურზეა. ერთი სიტყვით, ორივე გუნდს სჭირდება წინსვლა, შესაბამისად – ქულები. ასე რომ, დაძაბულ ბრძოლას უნდა ველოდოთ.
საჩხერის “ჩიხურა” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: 21 აპრილი, 20:00 საათი
ჩიხურა” ისევ ზესტაფონში განაგრძობს თამაშს, რომლის მოედანი (“ივანწმინდა არენა”) ჯერ ვერა და ვერ მოწესრიგდა სათანადოდ. დავით აბაშიზის სახელობის სტადიონზე საჩხერლები “კოლხეთს” მიიღებენ. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ფოთელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, მაგრამ ბოლო ტურებში არასტაბილურად იასპარეზეს და შვიდი ქულით მეცხრე ადგილზე არიან. საჩხერლებს კი 10 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ.
სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “ლოკომოტივი”
დასაწყისი: 22 აპრილი, 15:00 საათი
თბილისის „ლოკომოტივი“ „სამტრედიას“ ესტუმრება. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 17 შეხვედრა აქვთ გამართული. საიდანაც 11 თბილისურმა კლუბმა მოიგო, 5 – სამტრედიულმა, 1 მატჩი კი, ფრედ დასრულდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს: ლოკო 14 ქულით მეორე ადგილზეა, იმერულ გუნდს კი 10 ქულა აქვს და მეექვსეზეა.
ბათუმის “დინამო” – ქუთაისის “ტორპედო”
დასაწყისი: 22 აპრილი, 17:00 საათი
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქობულეთის „ჩელე არენაზე“. სადაც ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ბათუმური და ქუთაისური კლუბების დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი და დაძაბულია. შეხვედრას დამატებით ინტრიგას ისიც სძენს, რომ სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ქუთაისელები 12 ქულით მეოთხეზე არიან, ბათუმელები კი 9 ქულით მეშვიდეზე.
თბილისის “დინამო” – თბილისის “საბურთალო”
დასაწყისი: 22 აპრილი, 17:30 საათი
ცენტრალურ შეხვედრას 23 აპრილს თბილისის „დინამო არენა“ უმასპინძლებს. „დინამო“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. დინამოელებს 15 ქულა აქვთ და გათამაშებას ლიდერობენ, საბურთალოელები კი, 12 ქულით, მესამეზე არიან. გასულ ტურში საკუთარი თამაშები ორივე მათგანმა მოიგო. „დინამომ“ „შუქურას“ აჯობა 5:0, „საბურთალომ“ კი ბათუმის „დინამოს“ 2:0. თბილისურ გუნდებს შორის სულ ხუთი შეხვედრაა გამართული, საიდანაც ოთხი „დინამომ“ მოიგო ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.