ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტური: პრევიუ
ოთხ ივლისს ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტური აირებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ პრევიუს.
სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “საბურთალო”
დასაწყისი: 4 ივლისი, 18:00
მეთვრამეტე ტური ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედიასა” და “საბურთალოს” შორის დაპირისპირებით გაიხსნება. იმერლებმა უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგეს და ერთი ფრე დაასრულეს. ამ გუნდს ახლა ცხრა ქულა აქვს და მეათე ადგილზეა. რაც შეეხება “საბურთალოს”, მან უკანასკნელი სამი მატჩი ისე მოიგო, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. იგი 40 ქულით პირველ პოზიციაზეა და შეეცდება, რომ “დინამოსთან” ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნოს.
ქუთაისის “ტორპედო” – ფოთის “კოლხეთი”
დასაწყისი: 4 ივლისი, 19:30
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ტურის პირველ დღეს გაიმართება, იმერულ-მეგრული დაპირისპირებაა. “ტორპედომ” ბოლოს “სიონი” დაამარცხა და ახლა 24 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. “კოლხეთმა” უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგო. ის 14 ქულით მერვეზეა. მას მხოლოდ ერთი ქულით ნახსენები ბოლნისური კლუბი ჩამორჩება.
საჩხერის “ჩიხურა” – ბოლნისის “სიონი”
დასაწყისი: ხუთი ივლისი, 18:00
საჩხერის სოფელ ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” “ჩიხურა” “სიონს” მიიღებს. სამსონ ფრუიძის ბიჭები მეჩვიდმეტე ტურში ლიდერ “საბურთალოსთან” დამარცხდნენ და ახლა 28 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “სიონს”, ამ კლუბმა ბოლო ორ შეხვედრაში ვერცერთი ქულა ვერ აიღო და ახლა 13 ქულით მეცხრეზეა.
თბილისის “ლოკომოტივი” – რუსთავის “რუსთავი”
დასაწყისი: ხუთი ივლისი, 18:00
თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკო” “რუსთავს” მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ “რკინიგზელები” ცოტა გამოცოცხლდნენ, წინა ტურში “დილასთან” დაძაბულ ბრძოლაში მაინც დამარცხდნენ და ახლა მეშვიდე პოზიციაზე ჩაინაცვლეს. “რუსთავმა” კი, “სამტრედიას” მოუგო და ახლა 20 ქულით მეექვსეა.
თბილისის “დინამო” – გორის “დილა”
დასაწყისი: ხუთი ივლისი, 21:00
ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამოსა” “დილას” შორის გაიმართება. უკანასკნელი ორი მატჩის მოგების შემდეგ, დედაქალაქელები 35 ქულით მეორე ადგილზე არიან. “დილამ” “ლოკომოტივთან” გამარჯვებსი შემდეგ 34 ქულა დააგროვა და ახლა მასპინძელთა ძლევის შემთხვევაში, მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.