ეროვნული ნაკრების სამზადისი ანდალუზიაში
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპზე ესპანეთში იმყოფება. თემურ ქეცბაიას გუნდი წლის მეორე ამხანაგური მატჩისთვის 23 მაისს შეიკრიბა. გუნდის ესპანეთში ჩასვლამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმების გამო სანაკრებო მზადებას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა. ამ დროისთვის, გუნდი 24-კაციანი შემადგენლობით ბარსელოში ერთჯერად ვარჯიშებს ატარებს. ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველად იმყოფებიან “დინამო” თბილისის ფეხბურთელი გიორგი პაპავა და ცხინვალის “სპარტაკის” მეკარე გიორგი ნადირაძე.
გიორგი პაპავა: „სასიამოვნოა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ. მქონდა ინფორმაცია, რომ გაფართოებულ სიაში ვიყავი, მაგრამ ასე მალე თუ გამომიძახებდნენ, არ მეგონა. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ეროვნულ გუნდში ითამაშოს. ყველაფერი ნორმალურად მიდის. საკმაოდ კარგი ვარჯიშებია. ფეხბურთელებს სათამაშო სიტუაციებში სხვა კლასი აშკარად ეტყობათ და მიხარია მათთან ერთად რომ ვარ და ყოველდღე სიახლეებს ვეცნობი. ის, რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად ვარ და ვვარჯიშობ, მომავალში აუცილებლად დამეხმარება. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსი ეძლევათ ამ გუნდში და ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებს უკეთესი შედეგი ექნება, რადგან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები წარმატებით თამაშობენ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ეროვნულ ნაკრებზეც აისახება. თითოეული ახალგაზრდასთვის ნაკრებში გამოძახება დიდი სტიმულია.“
გუნდი ვარჯიშს სასტუმრო „Costa Ballena Golf“ – იდან ხუთწუთიანი მანძილით დაშორებულ მოედანზე ატარებს. დღევანდელი ვარჯიში მსუბუქი ტრავმის გამო დავით კვირკველიამ გამოტოვა. პოლონეთის ჩემპიონი კლუბის ქართველი ლეგიონერი – ვლადიმერ დვალიშვილი კი, ესპანეთში ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოვიდა და ინდივიდუალურად ივარჯიშა.
სფფ-ის პრესსამსახური ესპანეთი