ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია
ეროვნული ნაკრების თავდაპირველად გამოქვეყნებულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთა წინააღმდეგ ამხანაგური მატჩებისთვის დასახელებულ 23-კაციან სიაში, თემურ ქეცბაიას კორექტივების შეტანა მოუწია. ტრავმების გამო სანაკრებო მატჩებს გამოტოვებენ დავით თარგამაძე და ავთანდილ ებრალიძე. ეროვნული გუნდის მცველი – გიორგი ფოფხაძე კი, კლუბის გადაწყვეტილებით, პოლონეთის ჩემპიონატის პრინციპული მატჩების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება. ასე რომ, ფოფხაძე „იაგელონიას“ შემადგენლობაში გადამწყვეტი შეხვედრების ჩასატარებლად პოლონეთში რჩება.
მათ ნაცვლად კი, თემურ ქეცბაიამ შოთა გრიგალაშვილსა („ანორთოსისი“, კვიპროსი) და გიორგი ხიდეშელს („დინამო“ თბილისი) უხმო. სავარაუდოდ, ცვლილებები ამით არ დამთავრებულა და ნაკრების თავკაცი საბოლოო სიას ესპანეთში გამგზავრებამდე დაასახელებს.
ამ ეტაპზე, ნაკრების სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“, მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი („დინამო“ თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), შოთა გრიგალაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი)
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 29 მაისს საუდის არაბეთის ნაკრებს ესპანეთის ქალაქ ხერესში დაუპირისპირდება. 3 ივნისს კი, შვეიცარიაში, „ჯვაროსნები“ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
თემურ ქეცბაიას გუნდი მატჩებისთვის მოსამზადებლად ესპანეთში 23 მაისს გაემგზავრება.
სფფ-ის პრესსამსახური