ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა მცირე ცვლილებით ივარჯიშა (ვიდეო)
ერთდღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა. ბერძენი მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, სლოვენიაში ჩამოსვლისა და 4-დღიანი ვარჯიშების შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრებმა 20 ივლისს დაისვენეს, ხოლო დღეიდან ვარჯიშების განრიგი შეიცვალა.
თუკი აქამდე დილას ფიზმომზადება იყო და საღამოს ბურთით ვარჯიში, ახლა პირიქითაა. დღეს, შუარღის 12-ის ნახევარზე ზუროსმა ნაკრები სრული დატვირთვით, ძირითადად სათამაშო კომპონენტზებზე ავარჯიშა. ბერძენმა სპეციალისტმა აქცენტი დაცვასა და შეტევაზე გაამახვილა, მოთამაშეებს ამ კომპონენტების მართებულად შესასრულებლად ბევრი დარიგებები მისცა. როგორც ცალ ფარში, ისე მთელს მოედანზე ნაკრების წევრებმა კალათბურთი გააჩაღეს, თუმცა ზუროსი სასტვენით ხშირად აჩერებდა თამაშს და კალათბურთელებს ხან რაღაცას უსწორებდა, ხანაც რჩევას აძლევდა და თამაშის გაგრძელების უკეთეს ალტერნატივას უჩვენებდა.
დაგეგმილისამებრ, თორნიკე შენგელიამ, რომელიც აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებოდა, გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ის მწვრთნელებმა სრულყოფილად არ დატვირთეს და ისეთ ვარჯიშებში, სადაც კონტაქტი მეტი იყო, არ ჩართეს. შენგელიამ მხოლოდ ბურთი ესროლა, ფარში შესვლები გააკეთა და ძირითადად თავის აქამდელ საქმიანობით – ტრენაჟორებითა და სხვადასხვა ძალისმიერი, თუ ფიტნეს-ვარჯიშებით დაკავდა.
შემადგენლობის მხრივ ნაკრებში სიახლეებია. გუნდს შემოუერთდა ბექა ბექაური, რომელმაც 1-15 ივლისს საქართველოს „ბ“ ნაკრებს ჩინეთში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში დაეხმარა. ბექაურთან ერთად სლოვენიაში უნდა ჩამოსულიყო „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულში გამოძახებული ბექა წივწივაძე, რომელმაც ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სლოვენიაში არ ჩამოსულა. ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა ნიკა მეტრეველმა, რომელსაც ნაოპერაციევი საზარდული ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი და ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობდა.
კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური