“ეს არ იყო რასიზმის გამოვლინება”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “ისტანბულ ბაშაქშეჰირს” შორის გამართულ დაუმთავრებელ მატჩში მომხდარ ინციდენტს “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ბარნსი გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მე-13 წუთზე მას შემდეგ შეჩერდა, რაც შეხვედრის მეოთხე არბიტრმა, რუმინელმა სებასტიან კოლცესკუმ თურქული გუნდის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი პიერ ვებო “შავ კაცად” მოიხსენია. ამის შემდეგ ორივე გუნდმა პროტესტის ნიშნად დატოვა მოედანი. ჯონ ბარნსი თვლის, რომ რუმინელი არბიტრის ეს სიტყვები რასისტულ ხასიათის მატარებელი არ ყოფილა.
“ბაშაქშეჰირის” სამწვრთნელო შტაბიდან ვიღაც უნდა გაეძევებინათ. მთავარი არბიტრი მივიდა მეოთხე მსაჯთან და ჰკითხა, თუ ვისთვის უნდა ეჩვენებინა წითელი ბარათი. ამიხსნის ვინმე, არბიტრმა როგორ უნდა მოიხსენიოს სამწვრთნელო შტაბის წევრი, როდესაც მისი სახელი არ იცის და მწვრთნელს არც ნომრიანი ფორმა აცვია. როგორ უნდა განესხვავებინა სხვებისგან, თუ არა “შავი მათგანი”?
რასიზმი არ არის, მოიხსენიო ადამიანი შავად! შტაბში ექვსი-შვიდი მწვრთნელია და მსაჯს როგორ უნდა გამოერჩია ის სხვებისგან? ექვს ფერადკანიან მწვრთნელს შორის ერთი თეთრკანიანი რომ ყოფილიყო, მსაჯი მას “თეთრად” მოიხსენიებდა და ეს არც იქნებოდა განხილვის საგანი. მოედნის დატოვება გამოსავალი არ არის. არასწორ ინტერპრეტაციასა და გაუგებრობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ სივრცეში, სადაც სხვადასხვა სასაუბრო ენები და სხვადასხვა მნიშვნელობებია. სწორედ ეს შემთხვევაა ახლაც.
უნდა შეწყდეს სიტყვა “შავის” ყველაფერ უარყოფითთან ასოცირება. მსაჯს რომ ეთქვა “შავი ლაწირაკი” ან მსგავსი რამ, ეს, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იქნებოდა, მაგრამ სიტყვა “შავი” მხოლოდ მის აღსაწერად გამოიყენა.
მე თავად ვარ “შავი” და ამ ამბავში რასისტულს ვერაფერს ვხედავ”, – დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე ბარნსმა.
“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაშაქშეჰირს” შორის მატჩი დღეს, 21:55 საათიდან განახლდება. უეფამ შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა გამოცვალა და ინციდენტის გამოძიების პირობაც დადო.