“ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე” – ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 31 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.
“გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 106-ჯერ ვითამაშე. ეს მეტჯერ აღარ მოხდება.
ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ეს რიცხვი 109 გამხდარიყო და დიდი სანაკრებო ტიტული, ევროპის ჩემპიონატი მოგვეგო.
დიდი ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სანაკრებო კარიერა ამ ტურნირის შემდეგ დამესრულებინა. უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ მინდა მომდევნო წლებში მადრიდის “რეალში” დასახულ მიზნებზე გავაკეთო აქცენტი. რაც მთავარია, როგორც მეუღლე და მამა, მინდა, ჩემს მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ვიყო.
ამ დიდი დროის განმავლობაში გერმანიის ნაკრების მაისურის ჩაცმა დიდი პატივი იყო. ამას სიამაყითა და მთელი გრძნობით ვაკეთებდი. მადლობას ვუხდი ყველა ფანს და მხარდამჭერს, რომლებიც ტაშს მიკრავდნენ და მამხნევებდნენ. მადლობა მათ, ვინც მაკრიტიკებდა და ამით მოტივაციას მაძლევდა.
ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო იოაჰიმ ლიოვს. სწორედ მან გამომიძახა პირველად ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. მას ჩემი სჯეროდა. წარმატებებს ვუსურვებ ჰანსი ფლიკს”, – წერს კროოსი.
კროოსი ეროვნულ ნაკრებში პირველად 2010 წელს გამოიძახეს. მან 106 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.