“ეს ცხოვრების ბოლომდე გვემახსოვრება” – “ასტონ ვილას” მწვრთნელების დასაფასებელი საქციელი “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ
17 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასზე “ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.
იმის გამო, რომ ლივერპულელებს დღეს ფიფას მსოფლიოს საკლუბო თასზე უწევთ მატჩის ჩატარება, მათ გუშინ ლიგის თასის მატჩში ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებით ითამაშეს. ბევრმა ფეხბურთელმა პირველი გუნდის რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი დინ სმიტი ასისტენტ ჯონ ტერისთან ერთად “ლივერპულის” გასახდელში შევიდა. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელები გაამხნევეს და მომავალში წარმატება უსურვეს.
“ასტონ ვილასთან” მატჩში “ლივერპულის” მწვრთნელის რანგში 23-წლამდე გუნდის თავკაცი, ნილ ქრითჩლი მოგვევლინა, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე “ასტონ ვილას” მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ჟესტი დაუფასა.
“მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. დინ სმიტი და ჯონ ტერი ჩვენ გასახდელში შემოვიდნენ და ბიჭები გაამხნევეს. მათ თქვეს: “გააგრძელეთ წინსვლა, წარმატებები!” ეს მომენტი ფეხბურთელებსაც და მეც ცხოვრების ბოლომდე გვემახსოვრება”, – განაცხადა კლოპის შემცვლელმა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპული” მსოფლიოს საკლუბო თასის ნახევარფინალში მექსიკურ “მონტერეის” დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.