ესპანეთი სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა
სამი წლის წინ ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება იზეიმა. და აი, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ფურია როხა“ ამ შეხვედრაში დამარცხდა. მატჩის 56-ე წუთზე მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს. შეტევა პარკერის დარტყმით დასრულდა – ბურთის კარის ხაზიდან გამოტანას ნაჩო მონრეალი ცდილობდა, თუმცა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მაოხერხა.
სხვა მომენტებიდან აღსანიშნავია ვიქტორ ვალდესის ტრავმა, რომელიც „ბარსელონას“ მეკარემ მეორე ნახევარში მოედანზე გასვლის შემდგომ მიიღო. ვალდესი პეპე რეინამ შეცვალა, რითაც სამხრეთ აფრიკელთა სათადარიგოთა სკამი უკმაყოფილო დარჩა, რადგან, როგორც ჩანს, მატჩამდე მხარეები მაქსიმუმ ექვსი ცვლილების გაკეთებაზე შეთანხმდნენ, ესპანელებს კი ექვსივე ცვლილება უკვე გამოყენებული ჰქონდათ.
შესანიშნავი მომენტების მიუხედავად, დელ ბოსკეს ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს, რითაც ბოლო მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელებს უდიდესი სიხარული მიანიჭა.