ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში “ელ კლასიკო” შედგება
ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონი უკვე დასრულდა და ჩემპიონის გვირგვინი ისტორიაში მეთერთმეტედ მადრიდის “ატლეტიკომ” მოიპოვა. შესაბამისად, ცნობილი გახდა ესპაეთის 2022 წლის სუპერთასზე მონაწილე გუნდების კალენდარი.
“ატლეტიკო” ესპანეთის სუპერთასზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს, “ბარსელონამ” საგზური თასის მოგებით მოიპოვა. “რეალი” ტურნირზე მეორეადგილოსნის წოდებით მოხვდება, ხოლო ბილბაოს “ატლეტიკი” – თასის ფინალში მონაწილეობის გამო.
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, სუპერთასის ნახევარფინალში კოპა დელ რეის გამარჯვებული ლა ლიგის მეორეადგილოსანს უნდა დაუპირისპირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებულ ტურნირზე გულშემატკივარი “ელ კლასიკოს” იხილავს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის მატჩები იანვრის თვეში იმართება. ახალი ფორმატით უკვე ჩატარდა ორი გათამაშება – 2020 წლის გამარჯებული “რეალი” გახდა, 2021 წლის ჩემპიონი კი “ატლეტიკი”.