ესპანეთში ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა (ფოტო)
ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში, რომელიც მადრიდის მახლობლად მდებარეობს, ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა “ნიკო შერას ქუჩა” გაიხსნა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით მოასპარეზე პირველი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ეს ტიტული სექტემბერში, ბაქოში გამართულ ტურნირზე მოიპოვა. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ქართული წარმოშობის სპორტსმენისათვის პატივისცემა გამოეხატა.
საზეიმო ღონისძიება 22 ოქტომბერს ანისეტო მარინასის კულტურის ცენტრში გაიმართა. მას ესპანეთის ძიუდოისტთან ნაკრების სხვა წევრები – ფრან გარიგოსი, ტომას მორალესი, სარა როდრიგესი და ლაურა მარტინესი ესწრებოდნენ.
“ბრუნეტე ამ ჟესტით ნიკოს მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ნიკო, რომელმაც დიდი ტიტული მოიპოვა”, – განაცხადა ბრუნეტეს მერმა, ბორხა გუტიერესმა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი საქართველოში დაიბადა. ის 14 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა.