ეთერ ლიპარტელიანი: “ალბათ, ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას”
ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ლენტეხის რაიონის გამგეობა გააკრიტიკა.
20 წლის სპორტსმენი გამგეობის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობით უკმაყოფილოა.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლენტეხის რაიონის გამგებელს… არ იყო ასეთი ყურადღება საჭირო! სამი თვე ვიყავი ლენტეხში და არავინ მოვიდა, არავინ მომილოცა მსოფლიო ჩემპიონობა. ალბათ, ბევრი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ ახერხებთ ყურადღების მიქცევას…
დავუშვათ, ერთი თვე ძალიან დატვირთული პერიოდი იყო პანდემიის გამო, მაგრამ, უკვე, როდესაც ვნახე, რომ მოინახულეთ რამდენიმე ადამიანი, თან ვითომ არც იცოდით, რომ მე სვანეთში ვიყავი!! დავუშვათ არ იცოდით, ხომ გითხრეს, რომ აქ ვიყავი. იმის მერე ერთი თვე გავიდა, მაგრამ მაინც არ შეიწუხეთ თავი!! “ეთოს, 1000ლარი მივეცი წინა წელსო”. სავარაუდოდ, ალბათ 2018 წელი იგულისხმეთ, მაგრამ მე თუ მკითხავთ არ არის საამაყო და სატრაბახო ის, რომ 1000 ლარი მიეცით სპორტსმენს 2018 წელს და არაფრად ჩააგდეთ, პირადად არც კი მოგილოციათ ევროპა და მსოფლიო!
ასე გვაფასებენ ლენტეხში სპორტსმენებს! “პატივს გვცემენ”!! იმდენი მსოფლიო ჩემპიონი ვყავართ ლენტეხს, ვერ მოიცალეს ამდენის მილოცვისთვის”, – წერს ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი 2019 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასევე, მან 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.