ეტოო და მოურინიო „ინტერში“ ბრუნდებიან?
ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი სამუელ ეტოო ზაფხულში, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. ბრიტანული „დეილი მირორის“ ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი „პენსიონერებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. გამოცემის თანახმად, კამერუნელი ფორვარდის თავისთან ხილვა მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობას სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულა კიდეც.
შეგახსენებთ, რომ ეტოო „ნერაძურის“ ღირსებას 2009-დან 2011 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 101 მატჩი ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ეტოომ „ინტერში“ ექვსი ტიტული მოიგო, რომელთა შორის ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასებიც გახლავთ.
ამავე დროს, Football Italia იუწყება, რომ მილანური კლუბის ინდონეზიელი მფლობელი ერიკ თოჰირი „ინტერში“ ჟოზე მოურინიოს დაბრუნებასაც აპირებს. სხვათა შორის, პორტუგალიელმა სპეციალისტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ნერაძურიში“ კარიერის საუკეთესო წლები გაატარა და ოდესმე „სან სიროზე“ დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მოურინო „ინტერს“ 2008-დან 2010 წლამდე თავკაცობდა. ამ დროის განმავლობაში პორტუგალიელმა მწვრთნელმა გუნდთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო.
ბექა დოგრაშვილი