ევროპარლამენტარი: “უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”
ევროპარლამენტში ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე რებეკა ჰარმსმა უეფა სანქტ-პეტერბურგისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის უფლების მიცემისთვის გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის მასპინძელი 13 ქალაქიდან ერთ-ერთი რუსეთის მეორე დედაქალაქი გახლავთ. სანქტ-პეტერბურგში ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი და მეოთხედფინალური რაუნდის ერთი შეხვედრა ჩატარდება.
“რუსეთი მეზობელი უკრაინის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. გარდა ამისა, მან საერთაშორისო ფეხბურთის წესი დაარღვა, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატში ყირიმის კლუბები მიიღო. ეს მიზეზები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ევრო-2020-ის მატჩების ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად სანქტ-პეტერბურგი არ დასახელებულიყო.
თუმცა, ყველაფერი ფულით იმართება. უეფა “გაზპრომთან” გაფორმებულ კონტრაქტს საკუთარ ღირებულებებზე მაღლა აყენებს”, – ციტირებს ევროპარლამენტის წარმომადგენლის სიტყვებს goal.com-ი.