Europe-bet-ის კვირის გუნდი
Fanebi.com-ზე ევროპა-ბეთის ახალი რუბრიკა გრძელდება, რომელიც განვლილი შაბათ-კვირის ტოპ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებს ეძღვნება.
მაშ ასე, განვლილი კვირის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარის პოზიციაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯი დავიდ დე ხეა ავირჩიეთ, რომელიც „ლივერპულთან“ მატჩში განუმეორებელი იყო. მართალია, მიმდინარე სეზონში ესპანელმა საკუთარი გუნდის კარი მშრალად მხოლოდ მესამედ შეინახა, თუმცა მერსესაიდელებთან შეხვედრაში მან რვა სეივი მიითვალა და სამჯერ მეტოქის დარტყმა მოიგერია, რომელიც, დიდი ალბათობით, მატჩის სცენარს შეცვლიდა.
დაცვის მარცხენა ფლანგზე პატრის ევრა გამოირჩა, რომლის „იუვენტუსმაც“ შინ „სამპდორია“ მიიღო და ანგარიშით 1:1 ეთამაშა – ტურინელთა მხრიდან გოლი სწორედ ფრანგმა მცველმა გაიტანა. ქულების დაკარგვის მიუხედავად, ევრა თავისი გუნდის შემადგენლობაში ხსენებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საპირისპირო ფლანგზე კრისტოფ ჟალე ავირჩიეთ, რომელმაც ხუთი ორთაბრძოლა მოიგო, რისი წყალობითაც „ლიონმა“ „კანი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
დაცვის ცენტრში „ბაიერნის“ მცველი მეხდი ბენატია და „ბარსელონას“ ფეხბურთელი ჟერემი მატიე გამოირჩნენ. ბენატიამ გოლიც კი გაიტანა, მატიე – ძალიან საიმედო იყო, მისი 93 პასიდან ზუსტი 85 აღმოჩნდა.
„უდინეზესთან“ მოგებულ მატჩში „ვერონას“ საყრდენმა ნახევარმცველმა ლაზაროს ხრისტოდულოპულოსმა დიდი წვლილი შეიტანა. ბერძენმა მოთამაშემ ერთი საგოლე გადაცემა და ერთი გოლი მიითვალა, მისმა გუნდმა ანგარიშით 2:1 იმარჯვა.
საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სერია ა-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოირჩა. „ლაციოს“ 34 წლის ნახევარმცველი სტეფანო მაური ნელ-ნელა კარგ ფორმაში დგება. ორი კვირის წინ მან „პარმას“ გაუტანა, განვლილ უიკენდზე კი „ატალანტასთან“ დუბლით გამოირჩა – რომაელებმა ანგარიშით 3:0 მოიგეს.
კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი დუბლი შეასრულა, ამჯერად, მისი გოლებისგან „ალმერია“ დაზარალდა, რომელმაც „რეალთან“ ანგარიშით 1:4 წააგო.
აღსანიშნავია „ლაციოს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ფელიპე ანდერსონი. 21 წლის ბრაზილიელმა „ატალანტასთან“ მატჩში თანაგუნდელები ორი საგოლე პასით მოამარაგა.
„კანთან“ შეხვედრაში „ლიონის“ შემტევი ნაბილ ფეკირიც გამოირჩა – ალჟირელმა ორი საგოლე გადაცემის გარდა, თავისი გუნდისთვის პენალტიც გამოიმუშავა.
ბოლოს, გავიხსენოთ კვირის ერთ-ერთი გმირი რობინ ვან პერსი. ჰოლანდიელმა „ლივერპულთან“ ხუან მატას საგოლე პასი გაუკეთა, თვითონაც გაიტანა და ოთხი ორთაბრძოლა მოიგო.